თეგი: რომან ფიფია

რომან ფიფია „დინამო თბილისს“ ყიდის

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ კლუბის გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო და ამ საკითხზე სპეციალურ განცახდებას ავრცელებს.   მისი თქმით „დინამო თბილისის“ გასხვისებაზე მოლაპარაკება რამდენიმე ინვესტორთან მიმდინარეობს.  "დინამო თბილისის გასხვისების შესახებ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ დავფიქრებულვარ და ამ გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ. ეს კლუბი, მისი შეძენის პირველივე წუთიდან ჩემთვის ძვირფასი და მთავარი ზრუნვის ობიექტია, სწორედ დინამო თბილისის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება კლუბის განვითარებისთვის აუცილებელია.გულშემატკივრის, მედიის, ვეტერანი ფეხბურთელებისა თუ სხვა ჯგუფების მხრიდან დინამო თბილისის მიმართ ინტერესიც, სიყვარულიც, კრიტიკაც და მოლოდინიც ყოველთვის განსაკუთრებულია, დღევანდელი მოცემულობით კი იმ მიზნების მისაღწევად, რაც დინამო თბილისს, მის ისტორიას და გულშემატკივარს შეეფერება, ამ ეტაპზე, ჩემი პირადი ფინანსური რესურსი კლუბის სამართავად არასაკმარისად მიმაჩნია.მიუხედავად ბევრი იმედგაცრუებებისა, რომელიც დინამო თბილისის გულშემატკივარმა სხვადასხვა პერიოდში იგემა, პირადი ინტერესი კლუბის ინტერესზე წინ არასდროს დამიყენებია და ვფიქრობ, ეს ნაბიჯიც ამ სიტყვების კიდევ ერთი დასტურია.ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვარ ინვესტორებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დინამო თბილისის შეძენით ან კლუბში შესაბამისი ინვესტიციის განხორციელებით. ამასთანავე, მინდა ქართული რეალობისთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ გამცნოთ - გასხვისების პარალელურად მზად ვარ განვიხილო დინამო თბილისის სააქციო საზოგადოების ფორმით მართვა, სადაც კლუბის აქტივების მფლობელები იქნებიან დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ბიზნეს თუ სოციალური წრეებიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი თბილისელების ჩართულობას ექნება, ვინაიდან დინამო თბილისი იყო, არის და იქნება დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და მისი თილისმა.დეტალურად, ამ გადაწყვეტილებისა და სხვა საკითხების შესახებ, გულშემატკივარი და ყველა დაინტერესებული მხარე, დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიიღებს,"- ნათქვამია განცხადებაში. „დინამო თბილისის“ მიერ გამოქვეყნებული 2021 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საფეხბურთო კლუბის აქტივები 13.9 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, ფინასური ანგარიშის მიხედვით, კლუბის ვალდებულებები 16.5 მილიონი ლარია.   

კახა კალაძე: მე არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო, უბრალოდ, ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს

„დიღმის საწვრთნელი ბაზა არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტის, რომან ფიფიას განცხადების კომენტირებისას ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კლუბ „თბილისის დინამოს“ შეძენის არც ინტერესი აქვს და არც შესაძლებლობა. „დინამოს გულშემატკივარი ყოველთვის ვიყავი და ჩემი წარმატება დაიწყო ამ კლუბიდან. მე არ მაქვს ინტერესი, რომ „დინამო თბილისი“ შევიძინო, უბრალოდ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. შეიძლება რაღაც იყიდო, მაგრამ ამას უდიდესი პასუხისმგებლობა მოსდევს, რომ იყოს გამართული. მე ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ რაღაცას ხელს ვკიდებ, მინდა, რომ მაქსიმალურად საუკეთესოდ გაკეთდეს და საუკეთესო შედეგები მივიღო. ამიტომ ისეთ ნაბიჯს არ გადავდგამ, რომელიც შეიძლება პრობლემური იყოს ან ვერ გაკეთდეს. არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა.  მარტო შეძენა ხომ არ არის. ამას უამრავი თანხის ინვესტიცია სჭირდება, რომ ყველაფერი გამართული იყოს. მე მხედველობაში მაქვს, რომ ისეთი გუნდი გაკეთდეს, რომელიც „ჩემპიონთა ლიგაზე“ ითამაშებს. რა მდგომარეობაშიც არის დღეს „თბილისის დინამო“, მე უბრალოდ ამას ვერ და არ გავაკეთებ, რომ გუნდი იმავე მდგომარეობაში მყავდეს. მე არ მაქვს ამის შესაძლებლობა,“ - განაცხადა კახა კალაძემ. მან ასევე ისაუბრა იმ განცხადებების შესახებაც, რომელიც დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევის შესახებ გაკეთდა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.   „საუბარი იყო დიღმის საწვრთნელი ბაზის დანგრევაზე და კორპუსების მშენებლობაზე. ეს  უბრალოდ გამაოგნებელია. მე მოვისმინე განცხადება სოციალურ ქსელში. ვოვა გუცაევს უდიდეს პატივს ვცემ თავისი წარსულიდან გამომდინარე, უდიდესი ფეხბურთელი იყო. უბრალოდ ეს დამოკიდებულება, რომ დიღმის საწვრთნელი ბაზა დავანგრიოთ,  რომელიც  ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და რომელსაც შვილივით გაფრთხილება სჭირდება, აბსოლუტურად გაუგებარია. მე პირდაპირ ვიტყვი, სანამ დედაქალაქის მერი ვარ, არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ ის სიამაყე, რაც  გააჩნია ქართულ ფეხბურთს  - დიღმის საწვრთნელი ბაზის სახით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დაინგრეს. ამას არასდროს გავაკეთებ. ამ ადგილმა უამრავი უნიჭიერესი თაობა გამოზარდა. მისი დანგრევა კატეგორიულად მიუღებელია. არავის ვურჩევ, რომ ამ ბაზაზე ხელი ასწიოს და მისი დანგრევა მოახდინოს. თუ ვინმეს ახალი ბაზის აშენება უნდა, ამაში ვინ ზღუდავს? უამრავი ტერიტორია და შესაძლებლობაა, სადაც ამის გაკეთება შეიძლება. ეს ბაზა კი არის ისტორია, რომელიც უნდა დარჩეს დედაქალაქს და ჩვენს ქვეყანას,“ - აღნიშნა თბილისის მერმა. მედიაში 20 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის დინამოს ყიდვით არის დაინტერესებული. „ფორმულა“ წერდა, რომ ინფორმაცია დინამო თბილისის გაყიდვაზე რომან ფიფიამ ოფიციალურად დაადაასტურა. ის ამბობს, რომ კლუბის ფინანსურ საჭიროებებს ვეღარ უმკლავდება, ამიტომ, მოედანზე ახალი მოთამაშე სჭირდება. ბიზნესმენი, რომელმაც დინამოს მოდერნიზება 11 წლის წინ დაიწყო, მზად არის 50% წილი ახალ ინესტროს გადააბაროს. თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით, ახალი ბიზნეს პარტნიორი მის შემოთავაზებებს უნდა დათანხმდეს. რომან ფიფია ადასტურებს, რომ ორ ქართველ ბიზნესმენს კლუბის ყიდვა სურდა, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა, მოლაპარაკებები უცხოელებთანაც გრძელდება.